,,ჟამთა
აღწერა ერთ-ერთ საშუალებაა,
რათა
ზურგიდან ჩამოიხსნა წარსულის ტვირთი."
ი.
ვ. გოეთე
,,შესავლის მაგიერ“
მეორე
ათეული წელია მე-20 საუკუნემ ისტორიის კარი გაიხურა და მატიანეს შეერწყა, მარამ მისი
უკვე შორეული თუ ახლობელი ღელვა ისევ აშფოთებს ქართველობას... ეს იყო ეპოქა ჩვენი მშობლებისა
და ბებია-ბაბუების. ჯერ კიდევ შეგვიძლია ვთქვათ, ჩემი ბებია (ან ბაბუა) მიამბობდა,
რომ მის ბაბუას (თუ ბებიას) უთქვამს... უნახავს... გაუგონია.. განუცდია... უოცნებია...
მე-19 საუკუნეშიო. ცოტა ხანში ამ ფრაზების ავტორებს შორეული წინაპრები დაერქმევათ და
უფრო მეტი იდუმალებითა და ინტერესით შეიმოსებიან... თუ არადა გვინდა ისტორიას დარჩეს
მათი საზოგადოების მრავალფეროვანი სულიერი თუ მატერიალური სამყარო... რათა ვიცოდეთ,
,,რანი (თუ ვინ) ვიყავით“...
მეორე
ათეული წელია მე-20 საუკუნემ ისტორიის კარი გაიხურა და მატიანეს შეერწყა... იყო ომები,
ბრძოლები, ვნებათა ღელვა, ერთგულება და ღალატი, მარცხი და გამარჯვება, პესიმიზმი და
ოპტიმიზმი, ძარცვა და შიმშილი... სიხარული და ბედნიერება... მსოფლიოს მოლოდინი
2000 წლის იდუმალი კატაკლიზმისა, რომელიც საქართველოს სერიოზულად არც კი აღუქვამს,
რადგან მას უკვე განცდილი ჰქონდა 90-იანი წლების საშინელებები... მაგრამ მაინც იყო
ქართული ხელოვნება, ლიტერატურა და პოეზია... არა ძველებური ბრწყინვალებითა და დიდებულებით,
მაგრამ მაინც იყო... ხომ შეიძლება შემდგომმა ეპოქებმა აღმოაჩინონ ის დამალული ქართული
გენი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის ბჟუტავდა და არასოდეს ქრებოდა და
თქვან, საწუხაროდ, თანამედროვეებმა ვერ დაინახეს ესა თუ ის დიდი ხელოვანი, რადგან გენიოსები
მდიდარ და წარმატებულ სახელმწიფოებში ცხოვრობენ ხოლმე (თუმცა აუცილებელი არაა თავად
იყვნენ მატერიალურად უზრუნველყოფილები და წარმატებულები). ისინი თავიანთ ეპოქაზე ბევრად
ადრე ან ბევრად გვიან იბადებიან... ამიტომაც მათი არასოდეს ესმით თანამედროვეებს...
უფრო მეტიც, შესაძლებელია, უცნაურ, შეურაცხად ან ,,მადაბიო“ ადამიანებად მიიჩნიონ...
ასეთი იყო ბაირონი, შექსპირიც, გოეთეც, დანტეც... და ალბათ რუსთაველიც... მისი გენია
რომ თანამედროვეებს ეღიარებინათ, უფრო მეტი რამ გვეცოდინებოდა რუსთველის პიროვნებასა
და გენიაზე, მეტი გვეცოდინებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილზე _ ქართული პოეზიის სევდიან რაინდზე...
ბარათაშვილი და ჩემი ბავშვობა
ბარათაშვილის ხატება ჩემს არსებაში პირველად
მაშინ შემოვიდა, როცა სკოლაში ბარათაშვილის პორტრეტი ვნახე. ის საკლასო ოთახში კედელზე
ეკიდა. ძალიან ლამაზი მეჩვენა ჭაბუკი ყელზე ევროპულად გამონასკვული ჰალსტუხით... გული
დამწყდა, როცა მასწავლებელმა გვითხრა, რომ ის მხატვრის წარმოსახვით არის დახატული და
სინამდვილეში როგორი იყო ჭაბუკი პოეტი, შთამომავლობას არ შემორჩენიაო. ამდენი წელი
ნ. ბარათაშვილი ჩემს წარმოსახვაში ულამაზეს რაინდად, ულამაზეს ეკატერინეზე მეოცნებე
მიჯნურად, მერანზე ამხედრებულ გმირად რჩებოდა... შემდეგ სკოლაშივე გავეცანი ტატოს თანამედროვეთა
მოგონებებს, რომლებშიც მითითებულია, რომ ის არ ყოფილა ლამაზი, ბავშვობიდანვე დაკოჭლებულა
და აუხდენელ ოცნებად დარჩენია ბიძასავით ეპოლეტებით დამშვენებული მუნდირის ჩაცმა. მისი
ლექსებიდან მშვენიერი პოეტური სული გვანათებდა თვალებში და თითქოს ჩურჩულებდა საკუნის
წელთა ქროლვაში ჩაკარგული ხმა: ,,ნუვინ იტყვის ობლობისა ვაებას...“ მინდოდა, ძალიან
მინდოდა ტატო ეკატერინეს შესაფერისი მშვენების ჭაბუკი ყოფილიყო...
მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ,,უკუღმართ“
ეპოქაში აღინიშნა ბარათაშვილის 180 წლისთავი, თუმცა ეს ბევრს არც გაუგია. ინტერნეტსივრცეში
ორიოდე საინფორმაციო სიუჟეტია დარჩენილი _ ნიკოლოზ
ბარათაშვილის 180
წლისთავის ღონისძიებაზე ოპერისა და ბალეტის თეატრში მოსაწვევი ბარათი,
რომელიც 1997წლით
თარიღდება. მოსაწვევის გარეკანზე დაბეჭდილია პოეტის პორტრეტი და ის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექციაში ინახება.
2017 წელს აღინიშნა ნ. ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავი, თუმცა
აღნიშვნის პომპეზურობით ვერც ეს წელი დაიკვეხნის და იმდროინდელ სხვა ,,ღონისძიებებს“
ვერაფრით გადასწონის. მიუხედავად ლიტერატურულ-ისტორიული მნიშვნელობისა, ბარათაშვილის
იუბილე არ ყოფილა მასშტაბური და ღირსეული... სამწუხაროდ, ქართველობას დღეს გაიძვერობისა და ღალატისთვის უფრო სცალია,
ვიდრე დიდებული წინაპრებისა თუ ღირსეული თანამედროვეების დასაფასებლად... დღესაც აქტიურობს
,,შავი ყორანი“...
,,მიწნავს გვირგვინსა დიდებისას მე თავითონ
ბედი...“ _ უთქვამს ბარათაშვილს და დღეს ჩვენს ამ საინტერესო ფრაზით ვიგონებთ ამ დიდ
შემოქმედს... მიუხედავათ იმისა, რომ ბარათაშვილი არ არის უკვალოდ დაკარგული გენიოსი
(ილია ჭავჭავაძის წყალობით), მის გახსენებაზე მაინც გვიპყრობს გრძნობა, რომ ,,დიდებული
ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან“...(ნ. ლორთქიფანიძე ,,თავსაფრიანი დედაკაცი“)
მსოფლიოში
ნაკლებად მოიძებნება ნ. ბარათაშვილის ბადალი მგოსანი. თბილისში გაღარიბებული არისტოკრატისა
(მელიტონ ბარათაშვილი) და ერეკლე II-ის შვილიშვილიშვილის
შვილის (ეფემია ორბელიანის) ოჯახში
დაბდებული ნიჭიერი ყმაწვილი ბედმა დაჩაგრა. მის არცერთ ოცნებას არ
ეწერა ასრულება. 1845
წელს პოეტი განჯაში დაინიშნა მაზრის მმართველის თანაშემწედ, სადაც
ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა,
მალარიით მძიმედ
დაავადებული გარდაიცვალა.
სკოლის
მე-11 კლასის სახელმძღვანელოში აღნიშნულია: ,,მთელი ზაფხული და შემოდგომა თავგამოდებით
მუშაობდა... მართვა-გამგეობის მთელი სიმძიმე ბარათაშვილს აწვა კისერზე. აქ მას მალარია
შეეყარა. ამას ზედ დაერთო გაციება და 1845 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ბარათაშვილი გარდაიცვალა
განჯაში, დაკრძალეს იქვე, ისე, რომ არც გულის სატრფოს დაუტირია და არც დედის მწუხარე
ცრემლი დასცემია.“ ტექსტის ბოლოს მითითებულია, რომ პოეტის ბიოგრაფია ივანე ლოლაშვილის
მიხედვით მომზადდა (ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი, ლ. დავითაშვილი,
ქართული ენა და ლიტერატურა, XIX საუკუნის მწერლობა, XI კლასის სახელმძღვანელო, სწავლანი,
2012წ., გვ. 54).
ბარათაშვილი
ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა, როგორც ჩვენი ეროვნული ყოფის მხედარი... ,,ვეფხისტყაოსანის“
გმირის ბადალი რაინდი, ქართველი ვაჟკაცი, რომელსაც ოცნებებში ,,შავი ცხენი სადავითა
ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა...“ ,,ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მითქს რომელი, მართ
ვითა ქარი მოჰქროდა, გაფიცხებული, მწყრომელი...“ რომელსაც სჭირდებოდა შეძახილი: „დადეგ,
მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?“ მაგრამ ის მარტო იყო ამ უკიდეგანი წუთისოფელში, არც
შემფასებელი ჰყოლია და არც ,,შემძახებელი“. ასე იყო მაშინ, მაგრამ ბარათაშვილი რესაც
არ არის სათანადოდ დაფასებული. ქართველებმა (თუმცა არა ყველამ) ვიცით, რომ ის მსოფლიო
მნიშვნელობის რომანტიკოსი პოეტია, მაგრამ მისი სათანადო პოპულარობისათვის არაფერი კეთდება.
უცხოეთში ჩვენი ლიტერატურიდან იცნობენ მხოლოდ რუსთაველს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ,
რომ გვყავდა ბარათაშვილი (რომელიც გვარწმუნებდა: ,,თვით უკვდავება მშვენიერსა სულში
მდგომარებს...“ ,,მრწამს რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთ და უსულთ შორის...“), გვაყავდა
გრიგოლ ორბელიანი (რომელიც დანანებით მოგვიწოდებდა: ,,ამ მშვენიერსა დილასა კაცს რად
სურს სისხლი კაცისა...“), ვაჟა, ილია და სხვები. მათ შორის განსაკუთრებული მაინც ბარათაშვილია.
თუ ჩვენ ბარათაშვილის სწავლებისას აუცილებლად
ვახსენებთ ადამ მიცკევიჩსა და ბაირონს, რატომ ევროპაში ამ მგოსნების სწავლებისას არ
უნდა ახსენებდნენ ბარათაშვილს?! ბაირონიცა
და ადამ მიცკევიჩიც ისწრაფვიან მარადიული ბედნიერებისაკენ, მაგრამ ბარათაშვილი მარტო
არ აპირებს იმ ზღაპრულ სამყაროში დამკვიდრებას, მას ეს იდუმალი ბედნიერება ყველასთვის
უნდა, მისი იდეა ზოგადსაკაცობრიოა, მან იცის, რომ, თუ ის დაიღუპება მიზნისკენ მიმავალ
გზაზე, აუცილებლად გამოჩნდება მისი იდეური გამგრძელებელი, რომელიც დაწყებულ საქმეს
ბოლომდე მიიყვანს, ის მზადაა დაიღუპოს ბოროტ ბედთან ბრძოლაში, მაგრამ ეს გამარჯვებულის
გმირული დაღუპვა იქნება, რადგან მგოსანი გზას კაფავს სიკეთისა და მშვენიერებისაკენ,
ჰუმანიზმისა და ღვთიურობისაკენ და ამაყად ეუბნება მერანს:
,,ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!“
ბარათაშვილის პოეზიის შესაცნობად და გასათავისებლად
საჭიროა გავიაზროთ პოეტის თანამედროვე ისტორიული ეპოქა, შინაგანი სამყარო, მეტი ვიცოდეთ
მის გარემომცველ სამყაროზე, მის ახლობელ ადამიანებზე, ალ. ჭავჭავაძის ოჯახზე, საქართველოს
რუსეთთან შეერთების მნიშვნელობასა და მის შედეგებზე... როცა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას
ვეცნობით, მინდა არ გვქონდეს განცდა, რომ ტატოს უფრო დიადი ,,ძეგლი“ ეკუთვნის მსოფლიო
პროგრესული საზოგადოების მეხსიერებაში.
პოეტის სევდიან სულს ცხოვრების
ტვირთი ახალგაზრდობაში წამოეწია, ამიტომ მის ამქვეყნიურ ყოფას არ ჰქონია გაზაფხული
და ზაფხული, უდარდელი ბავშვობიდან იგი პიდაპირ შემოდგომაში აღმოჩნდა, სწორედ ამიტომაც
წერდა იგი: „სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული.“ ბარათაშვილი
მართლაც ეწამა, მაგრამ იგი ებრძოდა ბოროტ ბედს, ,,შავ ყორანს“ და ამაყად შესძახოდა: „განვედი ჩემგან, ჰოი, მაცდურო
სულო ბოროტო!.“
თითქოს ხშირად იხსენებენ ტატოს მერანს, რომელიც
ჭაბუკ პოეტს თავისი პოეტური ფრთებით უკვდავებისკენ მიაქანებს. სწორედ მერანი გახდა
ქართულ ლიტერატურაში ევროპული პეგასის ანალოგიური ხატება, რომელიც პოეზიას, ხელოვნებას
განასახიერებს და შემოქმედებითი ვნებებით აღფრთოვანებულ
ადამიანებს მარადიულ სამყაროში, ევროპელთათვის პარნასში, გადაიყვანს და სიკვდილის
,,ვარდისფერ გზას“ აზიარებს გალაკტიონივით. სწორედ ამიტომაც გახდა პოპულარული მე-20
საუკუნებში ეს პოეტური სახე. მიუხედავად სევდიანი და ცრემლიანი განწყობისა, პოეტის
შემართება მაინც საბრძოლოა და იგი დღესაც მაგალითს აძლევს და ომახიანად, პოეტური შთაგონებით
შესძახის გამარჯვების წყურვილით აღსავსე ქართველობას: „გასწი, მერანო, შენს ჭენებას
არ აქვს სამზღვარი...“
გალაკტიონი და ბარათაშვილი
გალკტიონს გნსაკუთრებით
უყვარდა ბარათაშვილი. მათი სულიერი და პოეტური ნათესაობა არაერთხელ დასტურდება პოეზიის
იდუმალ სტრიქონებში. გალაკტიონი თითქოს იზიარებდა
თავისი პოეტური წინაპრის განცდებს და თავისებურად ბაძავდა მას. მათ ბიოგრაფიებშიც არის
მსგავსი შტრიხები: ორივეს მარტოსულობის განცდა ტანჯანდა, ორივეს სიყვარულში უიღბლო
ხვედრი ერგო, ორივეს ვერ გაუგო საზოგადოებამ, რადგან ერთი ბრძენი კაცის ნათქვამისა
არ იყოს, გენიოსები ან ძალიან ადრე იბადებიან, ან _ ძალიან გვიან, მათი აზროვნება არასოდეს
შეესაბამება მათს თანამედროვე ეპოქას, სწორედ ამიტომაც არიან ისინი გენიოსები... გალაკტიონი
მწარედ განიცდიდა ბარათაშვილის ბედს. მის საყოველთაოდ გახმაურებულ ,,მთაწმინდის მთვარეს“
2 ვარიანტი აქვს, განსხვავება მეტად მცირეა, მაგრამ_ მნიშვნელოვანი.
ეს ლექსი პირველად ქართველ სიმბოლისტთა
ჟურნალ ,,ცისფერი ყანწების“ პირველ ნომერში დაიბეჭდა. შემდეგ 1919
წელს გამოცემულ კრებულ ,,არტისტულ ყვავილებში“ დასტამბულსა და სხვა გამოცემებში არის შემდეგი განსხვავებები::
1. მე_9
სტრიქონში ,,აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს“ ჩასწორებულია: ,,აქ
ჩემს ახლო მოხუცის ლანდს...“
3.
მე_10 სტრიქონში დღევანდელი ,,მწუხარე სასაფლაოს“ ნაცვლად იყო: ,,მშობლიური სასაფლაო...“
4.
მე_11 სტრიქონი
,,ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული“, ასე შეცვლილი: ,,დაწყევლილ ყრმას აქ უყვარდა ობლად სიარული“,
მაგრამ შემდგომ ისევ პირვანდელი ვარიანტი აღადგინა. პოეტის მიერ 1953 წელს დაწერილი დღიურის ჩანაწერებიდან
ისიც ირკვევა, რომ მას სურდა ლექსში ილიაზე ჩაერთო შემდეგი სტრიქონები:
,,აქ
წამების სიზმრადა ქრის წიწამურის ალი
და მწუხარე საქართველოდ
სდგას მთაწმიდის ქალი.“
საბოლოოდ პოეტმა ამ სტრიქონებზე უარი თქვა. აშკარაა,
მასში ჩანს ილიას ტრაგიკული სიკვდილისა და მთაწმინდაზე მის საფლავზე ქართველი ქალის მგლოვიარე
ფიგურის ხატება, რომელსაც ,,მწუხარე საქართველო“ უწოდეს (1913წ., ავტორი_იაკობ
ნიკოლაძე).
1950
წ.-ის 17 ნოემბერს გალაკტიონს დღიურში ,,საკუთარი ლექსების შესახებ“, ჩაუწერია: ,,რომ მეფე ვარ და პოეტი“_ მქონდა ასეთი ფრაზა ,,მთაწმინდის მთვარეში“. ეს
ლექსი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, საკმარისად
შესწავლილი არ არის,
როგორც ერთ_ერთი გასაღებთაგანი ჩემი შემოქმედებისა... ,,მთაწმინდის მთვარე“ ჩემი პროგრამული ლექსია, რომელიც კონკრეტულად ასახავს ჩემს დამოკიდებულებას კულტურული მემკვიდრეობისადმი (ბარათაშვილი,
აკაკი, მე).“
,,მთაწმინდის მთვარის“ მთავარი სათქმელიც ესაა: პოეზიით სიკვდილის დაძლევა. მთელი ლექსის ფონი მწუხარე სასაფლაოა და ანაზდად გვახსენდება ბარათაშვილის წერილი: ,,სასაფლაო მშვენიერი გამოგონებაა.
ის აუცილებელია, რათა მოკვდავი დროგამოშვებით იმაში თავის ცხოვრებას კითხულობდეს!
ბედკრულის ნუგეშისცემა_დასასრული
ბედნიერებისა!“ ამ აზრს თითქოს ეხმიანება გალაკტიონის აზრი: ,,მხოლოდ აქ
[სასაფლაოზე] შეგვიძლია ჩავიხედოთ წარსულის სარკეში და დავინახოთ
ჩვენი მეოცნებე სახე...“1 (http://www.edulive.ge/res/docs/attachment/sherigeba.pdf)
გალაკტიონი ბარათაშვილისადმი მიძღვნილ ერთ წერილში წერდა: ,,როდესაც იგი მთაწმინდაზე
ადიოდა, მისი სული ჰგავდა მთვარეს,
რომელიც თანდათან ფითრდებოდა.
იმან გაიარა თავისი მარტოობის გზა, გაიარა მოწყენილს შეღამებულ დროს,
როდესაც ბედნიერებას სძინავდა და
სცხოვრობდნენ მხოლოდ აჩრდილები,
ჭოტები და ცოდვები“
ბარათაშვილზე საუბრისას საინტერესოა
გალაკტიონ ტაბიძის ერთი უსათაურო ლექსი:
,,ელვარე და ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი.
მაგრამ თვალმა დათვალა
მზე ბევრი და ცხრათვალა.
ო, მზით გადანაცარო,
ცხრა მუხა და ცხრა წყარო.
რუსთაველი - ხანია,
ისიც ცხრა ანბანია.
ვნება იყო ღვარული
ჩემი ცხრა სიყვარული.
ოდეს გნახე, ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი.“
ინტერნეტში ერთი საინტერესო
ინფორმაცია აღმოვაჩინე სათაურით: ,,უცნობი ბიჭის დღიური“ (ქართული პირადი ბლოგების
წინაპარი). ,,დღეს 9 ოქტომბერია. გუშინ ჩემი და კითხულობდა გალაკტიონის ლექსს: ელვარე და ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი… მკითხა: – გესმის, ბიჭო, რამე?
– რა უნდა მესმოდეს. კაცს უნდოდა ლექსის დაწერა და მოიფიქრა. შესანიშნავი რითმა: ლომფერი – ოქტომბერი.
– არ გესმის, ვერც გაიგებ! – ამოიოხრა ნანულიმ და კითხვა განაგრძო…
მე თავს ძალა დავატანე და წარმოვიდგინე ლომისფერი შემოდგომის დღე. ელვარე და ლომფერი. რაღაც ოქროსფერი, არა, მზისფერი. არა, უფრო მზეზე, რომ მტვერი დადგეს, ისეთი, ეს უკვე ლომფერი იქნება. არა, მართლაც არის ლომის ფერი დღეები ოქტომბერში. „ელვარე და ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი.“ კარგი, მაგრამ, რატომ მაინდამაინც ცხრა ოქტომბერი? შესაძლოა იმ დღეს მოხდა რაიმე ისეთი, რამაც ასე ლომფერად დაამახსოვრა ეს დღე? ეჰ, რას გაიგებ?! ყველაფერს, რომ ვხვდებოდე, მე თვითონ ვიქნებოდი პოეტი…“
სწორედ
ამ ფრაზამ დამაფიქრა... და, აი, ვუკითხავ მოსწავლეებს ბარათაშვილის ბიოგრაფიას... და
ვამბობ, ნ. ბარათაშვილი გარდაიცვალა 1845 წლის 9 ოქტომბერს... ვჩერდები და უცებ
გამახსენდა: ,,ელვარე და ლომფერი, იყო ცხრა ოქტომბერი“... და ვხვდები... XX
საუკუნის პოეტთა მეფემ _ გალაკტიონმა, განაცხადა, რომ ამ დღეს XIX საუკუნის პოეტთა
მეფე _ ბარათაშვილი გარდაიცვალა და ამიტომ იყო ეს დღე საბედისწეროდ ,,ელვარე და
ლომფერი“, არა ყვითლი ან შემოდგომისფერი, არამედ ლომფერი, ,,მეფისფერი“...
9
ოქტომბერს მართლაც დიდი და სამწუხარო მოვლენა
მოხდა _ უპატრონოდ, მარტოდმარტო
გარდაიცვალა გენიოსი პოეტი, რომლის დიდებულება თანამედროვეებმა ვერ გაიგეს. ეს
საბედისწერო თარიღი გალაკტიონის პოეზიაში საინტერესო სიმბოლოდ გახმიანდა. ის
სწორედ უკვდავებისაკენ ,,სიკვდილის ვარდისფერი გზის“ დასაწყისი გახდა... გზისა,
რომელსაც გალაკტიონიც მიელტვოდა... გალაკტიონის აზრით, სამყაროში 9 ოქტომბერს
პოეტი ,,განვიდა“ და უკვდავებას ეზიარა. 9 ოქტომბრის იდუმალი სიმბოლიკა ჩანს გალაკტიონის
,,9 სიყვარულშიც,“ რომელიც 1924 წელს დაიწერა.
ამ ლექსის მიხედვით, გალაკტიონისათვის ბარათაშვილის
გარდაცვალების დღე თავისი პოეტური სიცოცხლის დასაწყისია. მის არსებაში გააგრძელა სიცოცხლე
დიდმა რომანტიკოსმა, ამიტომაც ტაბიძე 9 ოქტომბერს საკუთარ დაბადების დღედ
მიიჩნევს.
,,ცხრა ჩემთვის
მზიანია,
ელვარე და
ლომფერი.
როცა მე
დავიბადე,
იყო ცხრა
ოქტომბერი.
შემდეგ ნაზი
დღეები
თვალმა ვეღარ
დათვალა,
დღე ყოველთვის
ცხრა
იყო,
და მზე
მუდამ
- ცხრათვალა.“
9
საკრალური ქრისტიანული ციფრია (მეცხრე ცაზე სუფევს უფალი სამოთხეში). გალაკტიონი
ამ სიმბოლიკაში გადახლართულ წარმართულ, უძველეს ქართულ, ღვთაებებსაც ხედავს და
ამბობს, რომ 9 არჩევის დღე იყო პოეტების მეფეთა... თუ რეალობას დავუბრუნდებით,
გალაკტიონი პოეტების მეფედ აირჩიეს 1921 წლის 25 იანვარს, მაგრამ მისთვის რეალურად
პოეტთა მეფის სახელის მინიჭების დღეა 9 ოქტომბერი, როცა მან ბარათაშვილი,
უღიარებელი მეფე, ჩაანაცვლა.
,,ოჰ, ტკბილო
საქართველო!
სუნთქვა გაუმაძღარო,
შენი სახელებია
ცხრამუხა და
ცხრაწყარო.
ცხრა - არჩევის
დღე
იყო
პოეტების მეფეთა.
ცხრას - პირველი
გრიგალი
გზაზე შემომეფეთა.“
აქ თითქოს სტრიქონებს მიღმა გადამალულა ბარათაშვილის სახელი, გალაკტიონი კი
ეძებს საერთოს საკუთარ თავსა და პოეზიის ძველ მეფეს_ რუსთაველს შორის:
,,სიტყვაში: რუსთაველი
ცხრა ელვარე
ხანია,
სახელიც: გალაკტიონ
-
მხოლოდ ცხრა
ანბანია.
მახსოვს ზამთრის
დღეები
და სიბნელე
გვიანი
-
როგორ უცებ
მშველოდა
ისევ ბუხრის
ცხრიანი.
ოჰ, ოცნებავ
ყრმობისა,
ცრემლი იყო
ღვარული.
ცხრა კლდესაც
გაალხობდა
ჩემი ცხრა
სიყვარული.
ცხრა ჩემთვის
მზიანია,
ელვარე და
ლომფერი,
როცა მე
დავიბადე,
იყო ცხრა
ოკტომბერი.“
ეს ლექსი თავისებური იდუმალი გაგრძელებაა წინა უსათაურო ლექსისა ,,ელვარე და ლომფერი...“
,,არ არის შემთხვევითი, რომ გალაკტიონ ტაბიძემ, რომელსაც აკაკი უყვარდა, ბარათაშვილი უყვარდა, სხვებსაც აღიარებდა თითქოს, თავისი ადგილი, სად უნდა დაკრძალულიყო, თვითონ მოძებნა – მთაწმინდაზე, ბარათაშვილის საფლავის გვერდით, _ წერდა ლევნ ბერძენიშვილი, _ ...და არც ის არის შემთხვევითი, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს, მის ნეშტს ასეთი ხვედრი ერგო – ის ჯერ განჯაში დაასვენეს, შემდეგ თბილისში, კერძოდ, დიდუბეში, მაგრამ არა – პანთეონში; შემდეგ, როგორც იქნა, ,,დაიმსახურა”მთაწმინდა...“1( https://www.ambebi.ge/article/51792-nikoloz-baratashvili-maradiuli-simagle-kartveli-xalxis-pasporti-shekmnili-lirikashi/)
,,არ არის შემთხვევითი, რომ გალაკტიონ ტაბიძემ, რომელსაც აკაკი უყვარდა, ბარათაშვილი უყვარდა, სხვებსაც აღიარებდა თითქოს, თავისი ადგილი, სად უნდა დაკრძალულიყო, თვითონ მოძებნა – მთაწმინდაზე, ბარათაშვილის საფლავის გვერდით, _ წერდა ლევნ ბერძენიშვილი, _ ...და არც ის არის შემთხვევითი, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს, მის ნეშტს ასეთი ხვედრი ერგო – ის ჯერ განჯაში დაასვენეს, შემდეგ თბილისში, კერძოდ, დიდუბეში, მაგრამ არა – პანთეონში; შემდეგ, როგორც იქნა, ,,დაიმსახურა”მთაწმინდა...“1( https://www.ambebi.ge/article/51792-nikoloz-baratashvili-maradiuli-simagle-kartveli-xalxis-pasporti-shekmnili-lirikashi/)
ნ. ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენება განჯიდან და ახალი მასალები არქივიდან
საქართველოს ტრაგიკული ისტორიის მანძილზე არერთი ხელოვანის სახე შთაუნთქავს ძნელბედობას და დავიწყების ბურუსში გახვეულა არაერთი ღირსეული პიროვნების ნაღვაწი თუ ნამოქმედარი. სწორედ ეს ემუქრებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილსაც, რომ არა ილია ჭავჭავაძისა და ეკეტერინე ჭავჭავაძის შეხვედრა პეტერბურგში. სამეგრელოს ამაყი დედოფალი, რუსეთის საიმპერატორო კარის წარჩინებული ფრეილინა და 23 წლის ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი, რომელსაც ჯერჯერობით არავინ იცნობდა, მაგრამ ეს იყო ქართული ეროვნული სულითა და დაუშრეტელი პატრიოტული ოცნებებით აღსავსე ახალგაზრდა კაცი, რომელიც საკუთრ თავში სამშობლოსთვის შესაწირ ენერგიას გრძნობდა. ... და აი, ეკატერინე, რომელსაც ცრემლი მოჰგვარა სიყრმის წლების მოგონებამ ილიას, თავის ღირსეულ მოგვარეს, გადასცემს ახალგაზრდობაში ბარათაშვილის მერ ნაჩუქარ ალბომს. ეს არის ავტორის ხელით გადაწერილი ლექსები, მიძღვნილი თავისი უდიდესი სიყვარულისადმი. ყოველ სტრიქონში, ასოების მონახაზშიც კი იგრძნობა ჭაბუკი პოეტის სულის სინატიფე, სიწრფელე, დაუწერელი ლექსებისა და აუხდენელი ოცნებების ხიბლი და სევდა
1892 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ პოეტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენება დაადგინა. ბარათაშვილის ნეშტს თბილისში ათასობით მამულიშვილი დახვდა. ამბობენ, რომ „დედებს მოეყვანათ თავიანთი პატარა შვილები, აჩოქებდნენ კუბოს წინ და თაყვანს სცემდნენ კუბოს, როგორც წმინდანის ნეშტს“. ბარათაშვილი თავდაპირველად დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 1938 წლის 19 ოქტომბერს კი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.
ბარათაშვილის ლექსები მე-19 საუკუნეში დიდად პოპულარული იყო, ეს ტენდენცია მე-20 საუკუნეშიც გაგრძელდა...
ნიკოლოზ
ბარათაშვილის ,,კვალის“ ძიებამ აღმომაჩენინა არქივში დაცული ერთი საინტერესო
ხელნაწერი ლექსების კრებული (ფონდი 1446, ძველ საბუთთა განყოფილება, საქმე N 57 - „ლექსების კრებული“), გადაწერილია ლამაზი ხელით, თუმცა დასასრულისკენ
ხელწერა ჩქარი და შედარებით ,,გაკრული“ ხდება. აკინძვისას ზოგან დარღვეულია
გვერდების თანამიმდევრობა (ალბათ დაარქივებისას) და ზოგი ტექსტი არეულია, მაგრამ
გადაწერილი ლექსები იმდენად პოპულარულია, რომ მათი ამოცნობა არ ჭირს. უცნობია, ვინ
გადაწერა ეს კრებული, როდის გადაწერა, რამდენი ხანი დასჭირდა, მაგრამ აშკარაა,
გადამწერის მიზანი ამ კრებულის მომავალი თაობისთვის გადაცემა იყო, მან იცოდა, რომ
მას შეინახავდნენ. ამას მოწმობს ერთი მინაწერი. 23-ე გვერდიდან
იწყება მეტად უცენზურო ლექსები, რომელთა დასაწყისში გადამწერს ფურცლის ზედა მარცხენა
კუთხეში მიუწერია: ,,ამ ხელნაწერის დაწვა რამდენჯერმე დავაპირე, მაგრამ ვსთქვი, სხვემაც
დაფასონ ძველების უსაქმური ცხოვრება.“ საპირისპირო მხარეს, ე. ი. მარჯვნივ, ასეთი მინაწერია: ,,ეს ისეთი უწმაწური
და გარყვნილი კაცის თხზულებაა, რომ დასაწვავია. არ დავსწვი იმიტომ, რომ ნახონ რა მოცლილი
მბღაჯნავები გვყოლია ძველად.“(მინაწერების სტილი დაცულია).
თუმცა
კრებულის დასაწყისი, თანაც უდიდესი ნაწილი ადასტურებს, რომ ,,მოცლილი მჯღაბნავების“
გვერდით გენიოსი შემოქმედებიც მრავლად გვყავდნენ.
გადამწერს კრებულში გაუერთიანებია
ილიას, აკაკის, მამია გურიელის, გრ. ორბელიანის, ალ. ჭავჭავაძის, რაფიელ ერისთავის
და სხვათა ლექსები... მე-15 გვერდზე არის ნ. ბარათაშვილი ,,თავადის
ჭავ...ის ასულს ეკა....ნას“, რომლის ამ კრებულში აღმოჩენა მის უდიდეს პოპულარობაზე
მეტყველებს. გადამწერს აქ ძირითადად მოუქცევია მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრის
გახმაურებული პოეტური ნაწარმოებები, რომლებიც იმდროინდელ საზოგადოებრივ
შეხედულებებს, ,,მამათა“ და ,,შვილთა“ ბრძოლას, პატრიოტიზმსა და მწვავე სოციალურ
პრობლემებს ეხება. შედარებით ნაკლებია სატრფიალო ლირიკა.
არქივში აღმოჩნდა (ფონდი 489, ანაწერი 1, საქმე 4953) თავად მელიტონ ბარათაშვილის თხოვნა, საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას, მისი შვილის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დამადასტურებელი მოწმობის გადმოცემის თხოვნით. ეს დოკუმენტი შესრულებულია კალმით რუსულ ენაზე,
საოცრად ლამაზი ხელწერით (მელიტონ ბარათაშვილის ნაწერია). ასოები ერთგვაროვანია,
გამოყენებულია სქელი და წვრილი ხაზების თავისებური მოსმა, დეკორატიულადაც არის
გაფორმებული და ძალიან ლამაზია. ეს დოკუმენტები საქის საქაღალდეში აუკინძავთ
1835 წელს 30 ოქტომბრიდან 13 დეკემბრამდე, 20 გვერდად. მ. ბარათაშვილის განცხადება
1-ლია.
არქივში (ფონდი 481, ანაწერი 1, საქმე 121)
დაცულია ხელნაწერი დოკემენტები, რომლებიც აკინძულია 4 გვერდად და ეხება
ნ. ბარათაშვილის, გრ. ორბელიანისა და ალ. ჭავჭავაძის ნაწარმოებების გამოცემას. საქმის
დასაწყისში მოცემულია შემოწირულობების დოკუმენტები, მერე ინფორმაცია წიგნების დაბეჭდვაზე.
დოკუმენტს ასეთი სახე აქვს (ორიგინალის სტილი, პუნქტუაციისა და მართლწერის პრინციპები
დაცულია):
მემკვიდრეთადმი
თ.
გრ. ორბელიანისა, ნ. ბარათაშვილისა და ალ. ჭავჭავაძისა
გამგეობამ ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოებისამ“
საჭიროდ დაინახა აბეჭდვინოს თხზულებანი გამოჩენილთა ქართველთ მწერალთა, რომელთა ნაწერებს
ძვირფასი მნიშვნელობა ექნებათ თანამემამულეთა გონებითს წარმატებაზედ. ამ-გვარს მწერალთა
შორის გამგეობა სთვლის განსვენებულს.... რომლის ნაწერების კითხვას ქართველთა საზოგადოება
უკვე შეჩვეულია. რადგან აღნიშნულის გვარის ნაწერების ბეჭდვა არ შეიძლება ნებადაურთველად
განსვენებულის მემკვიდრეთა, ამისთვის გამგეობა წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოებისა
უმდაბლესად გთხოვთ თქვენ, ბრწყონვალე თავადო, როგორც მემკვიდრეს გარდაცვალებულის...,
რომ აღნიშნულის საზოგადოებას გადასცეთ კანონიერის წესით სამუდამოდ უფლება განსვენებულის
ნაწერთა ბეჭდვისა სასარგებლოდ აღნიშნულის ,,წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“.
1)
თ.
გრიგოლ დიმიტრის ძის ორბელიანისა _ გიორგი ილიას ძე ორბელიანი,
2)
თ.
ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათაშვილისა კნეინა ეკტერინე მელიტონის ასული ვეზირიშვილისა
და ნინო მელიტონის ასულის ბარათაშვილისა
3)
თ.
ალექსანდრე გარსევანის ძის ჭავჭავაძისა_
თ. ალექსანდრე დავითისძე ჭავჭავაძე
ილია დავითისძე ჭავჭავაძე
მარიამ დავითისასული ჭავჭავაძე
მარიამ დავითის ასული ჭავჭავაძე
სალომე დავითის ასული ჭავჭავაძე (ბოლო
სიტყვა გადახაზულია) სავინისა (ბარონესა)
ელენე დავითის ასული ასტაФევისა.
თამარ დავითის ასული გრუზინსკისა (უგანათლებულესობა)
ნინა დავითის ასული ჭავჭავ. (მიწერილია
ფანქრით)
გაეგზავნა:
1) გიორგი ილიას ძე ორბელიანს, 15 ივნისს
1886წ. №340
2) კნ. ეკტერინე მელიტონის ასულს ვეზირიშვილისას
16 ივნისს 1886წ. №345
3) კნ. მარიამ დავითის ასული ჭავჭავაძისას18
ივნისს 1886წ. №347
4) კნ. ნინო მელიტონის ასულს ბარათაშვილისას
18 ივნისს 1886წ. №348
5) თ. ალექსანდრე დავითის ძეს ჭავჭავაძეს
18 ივნისს 1886წ. №349
6) თ. ილია დავითისძე ჭავჭ. 18 ივნისს 1886წ. №350
7) კნ. ანასტასია დავითის ასულ ჩოლოყ.
18 ივნისს 1886წ. №351
8) კნეინა ნინო დავითის ასული ჭავჭავ.20 ივნისს
1886წ. №352
9) უგანათ. კნ. თანარს 20 ივნისს 1886წ.
№353
10) აღმატე ელენე ასტაФევისას 20 ივნისს 1886წ. №354
11) აღმატ. ბარონესა სალომეს ოსტენ-სავინს
20 ივნისს 1886წ. №355
1893 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავებს _ დებს: ბარბარე ვეზირიშვილს, სოფიო სუმბათაშვილსა და ნინო ბარათაშვილს,
ასევე ბიძაშვილს _ გიორგი ილიას ძე ორბელიანსა და დისწულს_ ნიკო რევაზის ძე ერისთავს მთავრობისთვის უთხოვიათ, განჯიდან
თბილისში, გადმოესვენებინათ პოეტის ნეშტი. ნებართვის
მიღების შემდეგ მგოსნის
გადმოსასვენებლად
განჯაში გამგზავრებულან გიორგი ილიას ძე ორბელიანი (შვილი ილიკო ორბელიანისა, რომლის
გმირობას მიეძღვნა ნ, ბარათაშვილის გენიალური ლექსი ,,მერანი“) და ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი
საზოგადოების
წევრები _ გ. ნ. იოსელიანი და ა. მ. ჭყონია.* ( * აქ
და ნაშრომის სხვა მონაკვეთებშიც სახელმწიფო არქივიდან მოპოვებული მასალების ორიგინალობა
და სტილი დაცულია.)
საქართველოს სახელმწიფო არქივში ინახება აქტი განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის გახსნისა და ნეშტის ამოსვენების
შესახებ (ფონდი 481, ანაწერი 1, საქმე 359). ეს არის იურიდიული დოკუმენტის მე-2 პირი, შესრულებულია რუსულ ენაზე,
მისი ავტორია მრჩეველი (советник) ვ. პიხოტინსკი. აშკარაა, ორიგინალზე
პოლიცმაისტერის ხელმოწერა იქნებოდა, ასლის სისწორე დადასტურებულია შესაბამისი
წარწერით, რომ ასლი შეესაბამება დედანს (მაშინ განსხვავებული სიტყვები
გამოიყენებოდა) და დამოწმებულია ელიზავეტპოლის პოლიციის გერბიანი ლურჯი ბეჭდით, რაც
ადასტურებს, რომ ეს აქტი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია.
აქტი, რომელის ფოტოპირიც არქივიდან ოფიციალური მოთხოვნით მოვიპოვეთ და
ამ ნაშრომს დავურთეთ, შედგენილია 1893 წლის 24 აპრილს.
მასში მითითბულია, რომ პოეტის ექსჰუმაციას ეწრებოდნენ ელიზავეტპოლის (განჯას ელიზავეტპოლი
ერქვა 1804-1920 წლებში) პოლიცმაისტერი კოლენისკი, მრჩეველი პიხოტინსკი, თავადი გიორგი ილიას ძე ორბელიანი, ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების წევრები: გ. ნ. იოსელიანი და ა. მ. ჭყონია და შეკრებილი
საზოგადოება (публика). აქტში აღნიშნულია, რომ გაითხარა სამარე ქართველი პოეტისა_ნიკოლოზ
მელიტონის ძე ბარათაშვილისა, რომელიც გარდაიცვალა და დასაფლავებულ იქნა ძველ მართლმადიდებლურ
ეკლესიაში ქალაქ ელიზავეტპოლში. ის დაკრძალულია მისი ძმის_ პოდპორუჩიკის, თავად გიორგი მელიტონის ძე ბარათოვის
გვერდით. ამ უკანასკნელის მარჯვენა მხარეს, თუ დავდგებით სახით დასავლეთისკენ. ...საფლავის
წარწერა გვაუწყებს, რომ ის გარდაიცვალა 1823 წელს. ორნაწილიანი საფლავის ქვა რუსული და ქართული წარწერებით ინახებოდა ეკლესიაში
(შიგნით). პოეტის ნეშტის შესაბამისობას (ნამდვილობას) ადასტურებს მისი ტანსაცმლის ნარჩენები,
ღილები და მუნდირი. ცნობილია, რომ პოეტი მსახურობდა საუწყებო სამოქალაქო სამმართველოში.
განსვენებულის კოსტიუმი შენახულია მთლიანად, შენახულია ასევე ჩექმების ტყავი ქართული
(туземного... фасона) სახეობის.
,,ნამდვილობას“ ხელი მოაწერეს
ელიზავეტპოლის პოლიცმაისტერმა კოლენისკიმ, მრჩეველმა პიხოტინსკიმ, თავადმა გ. ი. ორბელიანმა,
ა. მ. ჭყონიამ და გ. ნ. იოსელიანმა
აქტი ასე სრულდება:
,,ნამდვილობა მართებულია.
ელიზავეტპოლის პოლიცმაისტერი: /ხელმოწერა/ პიხოტინსკი“
ბოლოს მცირე ინტერვალის შემდეგ მიწერილია, რომ წერილს
ორიგინალთან ამოწმებდა ვიღაც პირი და დამოწმედულია ხელმოწერით, რომელიც ვერ ამოვიკითხეთ...
აქვეა სახელმწიფო ბეჭედი.
ამ ინფორმაციამ დიდი ინტერესი
გამოიწვია, ვინ არის გიორგი მელიტონის ძე ბარათაშვილი, რომელიც 1823 წელს გარდაცვლილა
და პოეტის ძმად არის მოხსენიებული?
სადაც მელიტონისა და ეფემის
შვილების ჩამონათვალში მოხსენიებულია გიორგი მელიტონის ძე ბარათაშვილი, რომელსაც მხოლოდ
ერთი თარიღი 1824 წელი აქვს მიწერილი. ეს აშაკარა შეცდომაა, აქტში 1823 წელია მითითებული. რადგან ერთი თარიღია მითითებული, ის ერთ წლამდე
ასაკში უნდა იყოს გარდაცვლილი, როგორც მისი არერთი და-ძმა. ექსჰუმაციის აქტის ჩანაწერი
გვაუწყებს, რომ ეს ადამიანი მელიტონ ბარათაშვილის შვილია, თუმცა რატომ არის ის აქტში მოხსენიებული სამხედრო
ჩინით, უცნობია. იქნებ იმიტომ, რომ რუსეთში დაბადებიდანვე აძლევდნენ სამხედრო წოდებას
ვაჟებს და ამაზე არაერთხელ დაწერილა კიდეც რუსულ ლიტერატურაში. ჩანაწერის მიხედვით,
ის მცირეწლოვანი ბავშვი უნდა ყოფილიყო, ნიკოლოზზე 6 წლით უმცროსი. რატომ დაიკრძალა
ის განჯაში და როგორ დაიკრძალა მის გვერდით ძმა _ ნიკოლოზი, ბარათშვილთა საგვარეულო
ისტორიისა და ტატოს ბიოგრაფიის უცნობი ფურცელია. საინტერესოა, სად არის შეცდომა, ინერნეტში
მითითებულ ინფორმაციასა თუ აქტში?!.. ბარათაშვილთა გენიალოგიაში ძებნისას აღმოვაჩინეთ
მელიტონ ბარათაშვილისა და ეფემია ორბელიანის შვილების სია. მათ სულ 16 შვილი შესძენიათ,
რომელთაგან უმრავლესობა ადრეულ ასაკში გარდაცვლილა. ესენია:
1.
ეკატერინე
(კატო) _ დაბადებული 21.09.1821წ. (გარდაცვალების თარიღი უცნობია), რომელიც რევაზ ლუარსაბის
ძე ერისთავის მეუღლე იყო.
2.
ნინო _ 18.06.1828წ. _ 13.01. 1906წ., რომელიც ლევან
გერმანოზის ძე გერმანოზიშვილის მეუღლე იყო.
3. ნიკოლოზ
(ტატო) _ 15. 12. 1817წ._21 (9).10.1845წ.
4.
დავითი _ 1818_1819წ.წ.
5.
დიმიტრი _ 1819-1819წ.წ.
6.
ალექსანდრე _ 1820_1821წ.წ.
7. გიორგი
- 1824წ. (იქნებ ეს არის ექსჰუმაციის აქტში მითითებულია 1823წ.-ს გარდაცვლილი გიორგი
მელიტონის ძე ბარათაშვილი)
8.
დარია _ 1823_1826წ.წ.
9.
ბარბარე _ 1826_1831წ.წ.
10. ელენე _ 1831_1836წ.წ.
11. სოფიო_1842-1834წ.წ.
12. დავითი _1834წ.
13. ელენე _ 1836წ.
14. ბარბარე _ 1838წ._01.08.1919წ., დიმიტრი გიორგის ძე
ვეზირიშვილის ცოლი.
15. გრიგოლი _ 1840წ. _ 1840წ.
16. სოფიო _ 13.12.1841წ._ 29.05.1916წ., ვასილ ალექსანდრეს
ძე სუმბათაშვილის ცოლი;
ეფემია 1849 წლის 4 თებერვალს გარდაცვლილა.
1893 წლის ,,ივერიის“ №88-ში მოთხრობილია,
თუ როგორ იპოვეს ბარათაშვილის ნეშტი, თუმცა ცხედრის ექსჰუმაციის აქტში ამაზე არაფერია
ნათქვამი. შესაძლებელია ეს ჟურნალისტის ნააზრევი იყოს მკითხველზე ემოციური ზემოქმედების
მოსახდენად. ,,მეკუბოვე შეუდგა
მიწის მიყრა-მოყრას, კუბო თითქმის აღარ შენახულიყო. იპოვეს მხოლოდ მისი მოსართავი ბუზმენტის რამდენიმე ნაწყვეტი. მისივე გაყოლებით ჩონჩხიც ესვენა უმთავრესი ნაწილებით ანუ სახსრებით, დაუმიწებელი... კუბო, ტანსაცმელი და ჩონჩხის
წვრილი სახსრები სრულიად გახრწნილიყო. ამის მიზეზად ამბობენ აკაკის ხეს, რომელიც იქვე ყოფილა დარგული და რომლის ძირზედაც დღეს პატარა ყლორტებიღაა ამოხეთქილი. აი ამ ხეს რწყავდნენ თურმე და წყალი-კი კუბოს თავს იწურებოდა, რის გამოც კუბოს და გვამის გახრწნა მოსწრაფებულა, ორმოცდარვა წლის წინათ მიცვალებულის გვამთან შედარებით, და ხეს კი ფესვები დაუყრია. ამოიტანეს კუბო და ფრთხილად შეუდგნენ ნაწილების ამოკრეფას. თავის ქალა დაუშლელი იყო. უმთავრესი სახსრები, როგორც ზედა ისე ქვედა ტანისა, გაუხრწნელი და შეუმუსვრელი იყო და განსვენებული მგოსანი, როგორც იქ დამსწრე ერთმა ექიმმა სთქვა, მოსული ვაჟკაცი ყოფილა. თავის ქალაც ამასთანავე საკმაოდ დიდი იყო. წვრილის სახსრებისა ზოგიერთი ნამტვრევიღა აღმოჩნდა, ძვლები, რომ ამოკრიფეს, მერე ის მიწაც ამოიღეს, ჩონჩხის გაყოლებით რომ იყო. ყოველივე აღმოჩენილი ნაშთი გვამისა, ტანსაცმელისა თუ კუბოსი, დაიკრძალა კუბოს შუა უჯრაში, მხოლოდ ორიოდე უბრალო ფოლაქი და აგრეთვე ის ფოლაქიც, რომელსაც სახელოს ოქრომკედის კანტი შერჩენოდა, ალექსანდრე ჭყონიამ ჩაიბარა“.
25 აპრილს მგოსნის ნეშტი განჯიდან თბილისში წამოასვენეს. აქ მოთხრობილი თითქმის ემთხვევა აქტში დადასტურებულს,
თუმცა არსად არის მოხსენებული გიორგი მელიტონის ძე ბარათაშვილი. XIX საუკუნის პირველ ნახევარში სხვა გიორგი ბარათაშვილი არც
დასტურდება.
![]() |
ქართველთა
შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დოკუმენტები ინახებოდა ასეთ
საქაღალდეებში. სწორედ აქ ინახება ბარათაშვილის საფლავის გახსნის აქტი.
|
![]() |
ნ. ბართაშვილის საფლავის
გახსნის აქტი.
|
![]() |
აქტის მე-2 გვერდი
|
ნ. ბარათაშვილის სურათის ძიების ერთი ისტორია
საქართველოს
სახელმწიფო არქივში (ფონდი 481, ანაწერი 1, საქმე 571) აღმოჩნდა ივანე ნიკოლოზის
ძე ზედგინიძის წერილი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა დიდი იყო საზოგადოების
ინტერესი ბარათაშვილის სურათისადმი. ი. ზედგენიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას წერს, რომ ქ. ერევანში აღმოაჩინა ნ.
ბარათაშვილის ფოტო. ხელნაწერი შესრულებულია თავად ავტორის მიერ რვეულის ფურცელზე.
ივანე
ნიკოლოზის ძე ზედგინიძის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. მისი სახელი აღმოვაჩინეთ
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა სიაში, რომელშიც ის ამ
ორგანიზაციის ერევნის განყოფილების წევრად არის მითითებული და საზოგადოების
ნამდვილი წევრი გამხდარა 1899 წელს. წერილი 2 წლით ადრეა შესრულებული, ე. ი.
საზოგადოების მუშაობაში ფართო წრე მონაწილეობდა, არაწევრებიც კი, რადგან ყველა
ხვდებოდა, რა სასიკეთო საქმეს აკეთებდა ის. ზედგინიძის ცხოვრების თარიღები და სხვა
ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.
წერილი
დაწერილია ქ. ერევანში და გამოგზავნილია თბილისში 1897 წლის 14 მაისს. ავტორი
წერს, რომ გაზეთებიდან ქართველ საზოგადოებას გაუგია გრ. ტატიშვილის ინფორმაცია,
რომ ნ. ბარათაშვილის სურათი ,,მოიპოვება“ ქ. ერევანში. გაზეთ ,,ივერიის“ №52_ში
რედაქტორს ზედგინიძის სტატიისთვის დაურთავს შენიშვნა, რომ ზედგინიძის მიერ
გამოგზავნილ სურათში ბარათაშვილი ვერავინ შეიცნო. ამის შემდეგ მეც გავანებეო თავი
ამ სურათს, წერს ავტორი, მაგრამ 3 კვირის უკან ერთმა პატივცემულმა სომეხმა ბატონმა
მიხეილ ათანასიანცმა შემატყობინა, რომ მან ნახა ერთი 72 წლის მოხუცი, რუშან ბეგ
კეგამოვი (ზოგან ვეგამ[/შ]ოვი იკითხება), რომელიც ძალიან კარგად იცნობდაო ნ.
ბარათაშვილს. მას უჩვენებია კეგამოვისთვის ფოტო, რომელიც ,,მე გამოვიხვეწე
ფოტოგრაფისგანო“ და იცნოო ბარათაშვილი, უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ აქ დიდი
ულვაშები აქვსო. ფოტოგრაფს უთქვამს, ულვაშები მე მოვუმატე, რომ უფრო ვაჟკაცური და
გმირული გამოსულიყოო, სურათის პატრონი ექიმი ლეონ ტიგრანიანცი ყოფილა. ათანასოვს
ურჩევია, სურათი პირადად ენახებინა ამ მოხუცისთვის, ზედგინიძე თავად გიორგი
ანდრონიკაშვილთან ერთად მისულა იმ სომხის სახლში, უბაასიათ მასთან, მისგან
შეუტყვიათ, რომ ნ. ბარათაშვილი კოჭლი ყოფილა, რაზეც ეწერა ,,კვალში“, მოხუცს კარგი
მხედველობა ჰქონია და სათვალეებიც არ გაუკეთებია ისე უთქვამს, ეს ნიკოლაი
ბარათოვიაო, ამ სურათის მეორედ ნახვამ მეც დამარწმუნა, რომ ფოტოგრაფია განგებ იყო
დამახინჯებული. ზედგინიძე წერს: რუშან ბეგ კეგამოვმა გვითხრა, რომ სურათი
ეჩვენებინათ ,,იმ დროს აქ მოხელე“ პირებისთვის _ ვახტანგ მაჩაბლისთვის, მიხეილ
ციციანოვისთვის, კავკასიძისთვისს (სახელი არ ახსოვდა) და ,,თუ იმათაც არ იცნეს,
თუნდა თავი მომკვეთეთო.“ ეს სურათი შეეძლო შეეძინა იმ ექიმის მამას იაკობ
ტიგრანიანცს, რომელიც იმ დროს იქ ,,კვარტალნი“ იყოო და ნიკოლაი ბარათოვსაც
იცნობდაო. ექიმიც აცხადებს, მამისგან დამრჩაო. მინდოდა ორიგინალი გამომეგზავნა,
მაგრამ პატრონი უარზეა, 4-5 წელია, რაც მაქვს, შევიყვარე და სიყვარულით ჩვენი
ხალხის საყვარელი გმირის სახელი ,,აღასი“ დავარქვიო, ბევრიც გაიყიდაო და ეს რომ
თქვენი პოეტი გამოდგეს, წარმოიდგინე ჩემი მდგომარეობაო. მერე დაგვთანხმდა. თუ
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სთხოვს ოფიციალურად, 20 დღით ათხოვებს და
თუ მართლა ბარათაშვილი გამოდგა, პირს პატრონის გარეშე არავის გადააღებინებს.
ზედგინიძე წერილს ასე ამთავრებს: ,,ეს თხოვნა ლევონ იაკობის ძე ტიგრანიანს უნდა
გამოეგზავნოს შემდეგ მისამართზე: ქ. ერევანი, თუმანოვის სახელზე და მერე
საზოგადოება ისევ თუმანოვს დაუბრუნებს გადასაცემად. გაგზავნის ხარჯებს ჩვენ
ვიტვირთებთ“. ,,ყოველგვარ სხვა მიწერ-მოწერისათვის მზათა ვარ უპატივცემულესის
,,საზოგადოებისათვის“, თუ ეს საჭირო იქნება“_ ასრულებს წერილს და მიაწერს:
,,დავშთები სულით და გულით თანამგრძნობი ,,საზოგადოებისა“ ივანე ნიკოლოზის ძე
ზედგინიძე.“
აშკარაა,
წერილი და აქ მოხსენიებული ადამიანების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოება ცდას არ დააკლებდა ბარათაშვილის სურათის აღმოჩენას,
მაგრამ, სავარაუდოდ, მეტი არაფერია ცნობილი. ზედგინიძის წერილში მოხსენიებული გრიგოლ ტატიშვილი (1838 – 1911) პირველი ქართველი ქსილოგრაფი - გრავიორი,
ქართული გრაფიკის ფუძემდებელი
იყო, რომელსაც, გორელი
მზარეულის შვილს, გრაფიკული ხელოვნება თბილისში მოღვაწე იტალიური საოპერო დასის დეკორატორ მხატვრებთან შეუსწავლია. მას მე-19 საუკუნის 60-იანი
წლებში ქართული მხატვრული შრიფტისა და არქიტექტურის ორნამენტების გრაფიკულ დამუშავება დაუწყია და 1868წელს
თბილისში სახელოსნოც გაუხსნია.
„ვეფხისტყაოსანის” 1888წ.-ის გამოცემის ბოლოსიტყვაობაში აღნიშნულია, რომ „არშიები, სათაური ასოები და სიმბოლოები, შეადგინა გრ. ტატიშვილმა და ამოსჭრეს პეტერბურგში ლიკნანმა და მეიმ. მხატვრობა ამ მორთულობისათვის გადმოღებულია ძველი მწერლობიდან და საქართველოს ციხე - ეკლესიებიდან, ხოლო
ზოგიერთი ამ მხატვრობათაგანი უფრო დამთავრებული და დასრულებულია. თითქმის ყოველ მონასტერსა და ციხეს _ მცხეთას, უფლისციხეს, ბეთანიას, ქუთაისს,
გელათს, საფარს,
კაბენს, ახტალას,
პიტარეთს, სამთავისს,
ატენს_თავისი წილი უდევთ ამ წიგნში, თავისი კვალი აქვთ აღბეჭდილი“.
ეპილოგის ნაცვლად
ისევ
იდუმალი პოეტური ჟღერადობით ჩამესმის:
,,ელვარე და ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი...“
იყო ცხრა ოქტომბერი...“
მაინც რატომ 9 ოქტობმერი? ...და ვეძებ, რა განსაკუთრებული
დღეა ასეთი? 9 ოქტომბერს გარდაცვლილა იოანე ღვთისმეტყველი, 9 ოქტომბერს ათონის ივერთა მონასტერის ღვთისმშობლის ხატის დღსასწაულია...
ამ დღეს უამრავი მსოფლიო მოვლენა მომხდარა, ვიღაც დაბადებულა, ვიღაც გარდაცვლილა, მაგრამ
არსადაა მოხსენიებული ნიკოლოზ ბარათაშვილი... ამ დღეს ბარათაშვილი მხოლოდ გალაკტიონს
ახსოვდა.
ლირიკული გადახვევა: ვფურცლავ კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენას“ და უცებ შემომანათა: ,,ცხრა ოქტომბერს უფლისციხეში მოგროვდნენ სამეფოის სპანი, ტაოს ლაშქარნი, ჯარები კლარჯთა, სპანი მცხეთისა და ქვემო ქართლისანი. «მოიღო მეფემ დროშა სვიანად ხმარებული გორგასლიანი» და გადასცა იგი ზვიად სპასალარს...“ (XV თავი)(1.https://temurkikava.wordpress.com/)
ლირიკული გადახვევა: ვფურცლავ კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენას“ და უცებ შემომანათა: ,,ცხრა ოქტომბერს უფლისციხეში მოგროვდნენ სამეფოის სპანი, ტაოს ლაშქარნი, ჯარები კლარჯთა, სპანი მცხეთისა და ქვემო ქართლისანი. «მოიღო მეფემ დროშა სვიანად ხმარებული გორგასლიანი» და გადასცა იგი ზვიად სპასალარს...“ (XV თავი)(1.https://temurkikava.wordpress.com/)
გამოყენებული ლიტერატურა
1. მახარაძე
ა., ქართული რომანტიზმი.
გამომცემლობა ,,თბილისი,“ თბ., 1990წ.
2. ასათიანი
გ., საუკუნის პოეტები,
გამომცემლობა „მერანი“, თბ. 1988
3. ბარათაშვილი
ნ., ერთტომეული, ჩემი
რჩეული, გამომცემლობა „პალიტრა L“, თბ. 2012წ.
4. რუხაძე
ნ., უკვდავება შემოქმედთა, გამომცემლობა
,,თბილისი,“თბ., 1999წ.
5. ქართული
რომანტიკოსები, გამომცემლობა ,,საბჭოთა
საქართველო,“ თბ.1978წ.
6. ჩიქოვანი
ს., რჩეული, ტ. 3. გამომცემლობა ,,საბჭოთა
საქართველო“, თბ. 1967წ.
7. ჭავჭავაძე ი., თხზულებანი,
ტ. V, თბ.,
1991წ.
8. რადიანი
შ., ახალი ქართული
ლიტერატურა, თბ., ,,სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის გამომცემლობა,“ 1952წ.
9. როდონაია ვ., ნაკუდაშვილი ნ., არაბული ა., ხუციშვილი
მ., დავითაშვილი ლ., ქართული ენა და ლიტერატურა, XIX საუკუნის მწერლობა, XI კლასის
სახელმძღვანელო, ,,სწავლანი, თბ., 2012წ.,
10. http://
burusi. Wordperss. Com._ უკანასკნელად
გადამოწმდა -
15.04.2018წ.
11. http://
google.ge._ უკანასკნელად
გადამოწმდა -
15.04.2018წ.
12. http://www.bt.pvt.ge/blog/mtatsmindis_mtvare_galaktion_tabidze_analizi/2016-11-09-55 _ უკანასკნელად გადამოწმდა - 15.04.2018წ.
15. http://www.edulive.ge/res/docs/attachment/sherigeba.pdf _ უკანასკნელად გადამოწმდა -
15.04.2018წ.
16. მასალები საქართველოს
სახელმწიფო არქივიდან, ფონდი 1446, ძველ საბუთთა განყოფილება, საქმე N 57 - „ლექსების კრებული“; ფონდი
489, ანაწერი 1, საქმე 4953;
ფონდი 481, ანაწერი 1, საქმე 121, საქმე 359 და საქმე 571.
ლელა კვარაცხელია (ახალაია)
Комментарии
Отправить комментарий